Powered By Blogger

Friday, February 4, 2011

რას ვაკეთებ ხოლმე მატარებელში :))



არ ვიცი, თქვენ ოდესმე თუ გაგჩენიათ სურვილი, რომ მეტროს ბოლო მატარებელში ( რომელიც თორმეტზე და ცოტა გვიან გადის) უცნობებს დააკვირდეთ. მე გამჩენია. ზიხარ, ზის, სხედან.. ერთმანეთს უყურებთ. ფანჯრებში სიბნელე მირბის (სხვანაირად ეს როგორ უნდა თქვა?) . ხანდახან შუქი შეთამაშდება და თქვენ ყველანი სიბნელეში აღმოჩნდებით. ასეთ დროს სრულიად კარგავ დროისა და სივრცის შეგრძნებას. მეტროს ბოლო მატარებლით მგზავრობენ ძირითადად მეძავები, იშვიათად_ მათი კლიენტები, იშვიათად_ დაბნეული პროვინციელი გოგონები, ხანდახან_ მღვდლებიც. სულ მაინტერესებს ხოლმე სად მიდის ეს ხალხი. აი, ქალი, რომელსაც ახლა ვუყურებ_ საიდან მოვიდა, მუშაობა დაასრულა თუ ახლა უნდა დაიწყოს. ან.. ფეხები რატომ არ  სტკივა ამსიმაღლე ქუსლებზე დგომით.. და თუ სტკივა, რატომ არ ჯდება.  ვულგარული არაა, მხოლოდ ხანდახან ხდება ცოტათი უსიამოვნო. აი, მაშინ,  ყბებს რომ გაიქნევს ხოლმე ძილის დასაფრთხობად ( კევს ღეჭავს, მოვარდისფროს, იმასაც კი ვგრძნობ, რომ გემო უკვე გასული აქვს). თვითონ ის კი არა, მისი სტატუსია  გამოწვევა ყველასათვის, ვინც ამ ვაგონშია..  ჩემ გარდა. ძალიან ჩვეულებრივადაც რომ იდგეს, მუხლებშეტყუპებული, თავდახრილი,   მაინც გააღიზიანებს შუახნის შვილმკვდარ ქალს (მკერდზე ახალგაზრდა ბიჭის შავ-თეთრი სურათი), რომელიც მასთან ახლოს ზის და  თავის ,,ლოცვანს” კითხულობს. ლოცვას, რომელსაც ასე დაჟინებით დასჩერებია, ალბათ, ,,მწუხრისა”  უნდა ერქვას. ის ქალი კი არა, ამ ქალს მეც კი ვაღიზიანებ. მე ხომ ახალგაზრდა ვარ და  ცოტა უტიფარიც, რადგან ფეხებშეკეცილი ვზივარ. ესე იგი, მეც გამაღიზიანებელი ვარ..
მატარებლის კუთხეში მჯდომი ბიჭი მე მეპრანჭება. ვცნობ ასეთ ტიპებს.  ჯინსებს წლების განმავლობაში არ რეცხავენ.  ჩუმ-ჩუმად იმ ქალსაც უყურებს. ალბათ, როცა ჩავა, რამეს მიაძახებს კიდეც. რამდენიმე გაჩერების შემდეგ კი ჩემ გვერდით გადმოჯდება და სახლამდე მიცილებას შემომთავაზებს. მე არ ვღელავ. ასეთი ტიპები ძალიან გაუბედავები არიან. ,,არაც” და ,,კიც” ერთნაირად აბნევთ.
მატარებელში ერთი 30-35 წლის ქალიცაა. ქერაა, ოღონდ ბუნებრივად ქერა _  არა. ხელში ტყავის ჩანთა უჭირავს. სახეზე თავის მართლება აწერია (მერე რა, რომ მეტროს ბოლო მატარებლით ვბრუნდები შინ, რამე ცუდი კი არ ჩამიდენია, მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი, იქ თავი ვერავის მოვაწონე და ამიტომაც არც არავინ გამომაცილა). პრინციპულად არ ჯდება. ზუსტად მეძავის პირდაპირ დგას. ვუყურებ და ვფიქრობ, რომ იმ რომელიღაცა სადგურზე ( მეტროს კარები რომ უჩველო მხარეს იხსნება), ეს ქალი სადგურზე მოსხლეტით გადავარდება, რადგან დარწმუნებული ვარ, პირველად მგზავრობს მეტროთი. უნდა გავაფრთხილო თუ არა? /მოშორდი კარებს, ახლა ეგ კარები გაიხსნება და გადავარდები/
ვცდილობ, მისი რეაქცია გამოვიცნო. იფიქრებს, რომ დავცინი და არაფრით არ გამოიწევა. ამის ნახვა არ მინდა. ერთი გაჩერებით ადრე ჩავდივარ. სახლამდე ფეხით მივალ. უცებ ვფიქრობ, რომ ვაგონი, რომლითაც მე მოვედი, ახლა აღარ არსებობს.  ხომ შეიძლება, მძღოლს ჩაეძინოს და მატარებელი აღარასდროს გააჩეროს.. სადმე ხომ უნდა მთავრდებოდეს ეს დედანაქაჩი ლოლ) რელსები… თუმცა, ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნება. ის ბიჭი იმ ქალის დაკერვას შეეცდება (სხვათაშორის, ფეხები მშვენიერი ჰქონდა), მაგრამ ის ქალი უფასოდ რა თქმა უნდა, არ მისცემს. შეიძლება, ამ ბიჭმა, იმ ქალს მუშტი მოუქნიოს ამის გამო. კი, ნამდვილად ასე მოხდება. ქერა თავდაჯერებული ქალი გაუნძრევლად იდგება, ის შვილმკვდარი დედა  კი თავს კიდევ უფრო ჩარგავს ,,ლოცვანში” . ბიჭი შემდეგ გაჩერებაზე ჩავა. ის ქალი კი კარებთან ჩაიკეცება და მთელი ხმით იბღავლებს. რა კარგია, რომ დროზე ჩამოვედი. :))

No comments:

Post a Comment