Powered By Blogger

Friday, February 4, 2011

ძმებიიიი :P oooohhhh :))


თვალი
,,ძმები მინი-მამები არიან" - გავიფიქრე მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ვეჩხუბე ჩემს უფროს ძმას. ბავშვობაში ჩვენ მხოლოდ იმაზე ვჩხუბობდით, რომ მე მეტი დროის გატარება მინდოდა მის კომპიუტერთან. ახლა კი, როცა ორივე ზრდასრულები ვართ (და მაინც, ის უფრო ზრდასრულია, ვიდრე მე),  მივხვდით, რომ განსხვავებული ღირებულებათა სისტემა გვაქვს და უთქმელად შევთანხმდით, რომ საკამათო საკითხებზე აღარ უნდა ვილაპარაკოთ.
საკამათო საკითხები კი ბევრია, დაწყებული გენდერით, დასრულებული იმით, უნდა გავთხოვდე თუ არა შავკანიანზე. ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრი გვიკამათია ამ თემებზე და ყოველი ასეთი კამათის შემდეგ, მე ვფიქრობდი, რომ მიუხედავად ასაკში მხოლოდ ოთხწლიანი სხვაობისა, ჩემი ძმა მაინც სხვა თაობას ეკუთვნის. ჩემი ძმა კი.. ვეცდები გამოვიცნო, რას ფიქრობდა... ალბათ იმას, რომ წაკითხული წიგნების რაოდენობა სინამდვილეში ბევრს ვერაფერს ცვლის.
პირველად ,,1984"-ის კითხვისას მივხვდი, რომ დიდი ძმა მხოლოდ ჩემი კი არა, კაცობრიობის პრობლემაც შეიძლება იყოს. ჩემი ღრმა რწმენით  არავის, არავის სიამოვნებს, როცა აკონტროლებენ (არც იმ გოგოებს, რომლებიც ამბობენ, გვსიამოვნებსო). სამაგიეროდ, ყოველთვის მოიძებნება ერთი-ორი ისეთი ადამიანი, რომელიც სიამოვნებით გაგაკონტროლებს და როგორც წესი, თვითონ ეს ერთი-ორი ადამიანი არასდროს არავის გაუკონტროლებია.
თუმცა თვალთვალი და ,,მზრუნველობა" ძმებისგან კი არა, მშობლებისგან იღებს სათავეს. პირველ რიგში, სწორედ მათი მოვალეობაა, უზრუნველყონ, რომ 10-ზე სახლში იყო, ყოველთვის ამინდის შესაფერისად გეცვას, შეყვარებულთან მაქსიმუმ პეტინგით დაკავდე და ასე შემდეგ.. ასეთსავე პრეტენზიებს  ბიჭებს არავინ უყენებს. როგორც წესი, მშობლები მოჩვენებით მრისხანებას იჩენენ, როცა მათი ,,სიამაყეები" მოწევას იწყებენ მერვე კლასში, არ ბრაზობენ, თუ ისინი ძმაკაცებთან რჩებიან ღამით და როცა ამ ყველაფერს მათი ქალიშვილები აპროტესტებენ, ურყევი არგუმენტი მოჰყავთ: ,,ის ბიჭია", თითქოს ეს რაიმე სხვას ნიშნავდეს, გარდა იმისა, რომ ,,ის" მართლაც ბიჭია. ასე რომ, ძმათა უმრავლესობას საერთოდ არ გამოუცდია, რას ნიშნავს კონტროლი, რომელსაც ასე გულუხვად იმეტებენ ხოლმე თავიანთი დებისათვის.
პრობლემის სათავედ მე მამებთან ძმების კავშირი მგონია, რომელიც ბევრად მყარია, ვიდრე გოგონებისა_ დედებთან. ოღონდ მამაკაცთა კავშირი, როგორც წესი, უთქმელად, ემოციების საშუალებით ხორციელდება. ძმები თვითონაც ვერ ამჩნევენ, ისე ხდებიან ხოლმე კონსერვატიული ღირებულებების მთავარი გამტარები და ეს მათი ბრალი სულაც არაა. მთავარ დამნაშავედ მე საზოგადოება მიმაჩნია, რომელიც ძმებს თავიანთ დებზე უზარმაზარ პასუხისმგებლობას აკისრებს. მათი დები ,,გზას არ უნდა აცდნენ", მათი დები არავინ უნდა შეაწუხოს, მათი დები არავის უნდა ეგონოს უპატრონო.. და ასე დაუსრულებლად. გგონიათ, ეს ამბავი თვითონ  ძმებს ახარებთ? მე ვფიქრობ, არა. პასუხისმგებლობაც, ისევე როგორც კონტროლი, დიდად სასიამოვნო რამ არაა.
ისე გამოდის, რომ ქართველ ბიჭებს ერთი კი არა, ორი ან სამი ცხოვრების დაგეგმვა უწევთ (გააჩნია დების რაოდენობას), არადა, ამ ყველაფერთან ერთად მათ სხვა ამოცანებსაც უსახავს ცხოვრება: უნდა აჯობონ თავიანთ ,,ვერშემდგარ" მამებს, იზრუნონ საკუთარ ბინაზე და იპოვონ მაღალანაზღაურებადი სამუშაო. მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად არ გამოუვათ, თუ მინი-მამებად დარჩებიან და დების პატიოსნებაზე ფიქრს გადაჰყვებიან. გოგონები ხომ, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც,  საკმარისად ბევრ შეცდომას უშვებენ იმისათვის, რომ ძმებმა საკუთარი ცხოვრების აწყობაც მოასწრონ.
ამასობაში კი მე ძმასთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია შევიმუშავე, ვცდილობ, ნაკლებად შევაწუხო, რომ რაც შეიძლება მეტი პირადი სივრცე მქონდეს.   და რადგან მის დახმარებაზე ასე მკაცრად ვაცხადებ უარს, ასე 2 წლის წინ ,,ვინდოუსის" გადაყენება ვისწავლე და ახლა კი. იმავე ვინდოუსის ჩაწერას ვსწავლობ ,,ფლეშკაზე".

No comments:

Post a Comment