Powered By Blogger

Friday, February 4, 2011

ბაჭიები :))

ჩემს დაიკო ლიზის წარმოსახვითი ბაჭიები ჰყავს. თვითონ ლიზი 2 წლისაა. ბაჭიები კი.. მმ. ბაჭიები რამხელები არიან, ლიზი? სკოლაში მიდიან. ესე იგი, 5-ის არიან ან 6-ის.
_ გინდა, ერთი გაჩუქო? მეკითხება და მიღიმის.
_ მინდა_ ვპასუხობ მე.
აჰა, მიწვდის ბაჭიას და მე, ბაჭიამ ხელი რომ არ შემიშალოს, გვერდით  სკამზე ვსვამ.
ჩემი და მოდის: _ მოიცა, იმ პოსტის გაგრძელება დაწერე?
კომპიუტერისკენ იხრება, მერე გვერდით სკამზე ჯდება და…
ლიზი კივის. ჩემი ბაჭია გაჭყლიტააა!!!
_ ჩემი ბაჭია არ იყო? _ ვბრაზდები მე.
ლიზი ტირილს აგრძელებს.
მე ვეუბნები_ მოდი, წამალი დავალევინოთ. შეხედე, სუნთქავს. უბრალოდ ავადაა.
ლიზი წამლების უჯრაში ძვრება.
_ არა, ჩვენ ბაჭიას ეგეთი წამალი ვერ უშველის.
აი, ეს წამალი_ ვუწვდი ცარიელ ხელს.
ლიზი ბრაზდება: არაა აქ წამალიიიი
_ მაშინ ბაჭიაც არაა, თუ ეგრეა_ ახლა უკვე მეც ვბრაზდები.
_ ბაჭია არიიიის.._ ტირის ლიზი.
მე ბაჭიას ფრთხილად ვიყვან ხელში და ვაყლაპებ აბს, რომელიც არ არსებობს.
ლიზი სკეპტიკურადაა განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს ეგ სიტყვა..
ცოტა ხანი გაბუსხული დგას. მერე მიახლოვდება.
_ მგონი, ავად აღარ არის, _ მეუბნება და იცინის.
მაგრამ შენ აღარ გაჩუქებ _ შეუვალია.
შენი იყოს, ლიზ_ ვეუბნები და ცოტათი გული მწყდება. კაი ბაჭიაა არადა.
_ ზემოთ დავსვამ, რო დედიკო არ დააჯდეს. ამწიე!
ლიზის მაღლა ვწევ და ბაჭიას კარადის თავზე სვამს. კიდევ კარგი, რომ ჭკვიანი ბაჭიაა. არ გადმოხტება.

No comments:

Post a Comment